აგროდაზღვევა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
კონკურსის შესახებ:
თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები, სახელმწიფო გთავაზობთ აგროდაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ სავარაუდო რისკები და შეინარჩუნოთ შემოსავალი.
თქვენ შეგიძლიათ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და დააზღვიოთ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა:
- სეტყვა
- წყალდიდობა
- ქარიშხალი
- საშემოდგომო ყინვები (მოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
ფერმერს ან სოფლად მცხოვრებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში:
- ალდაგი
- სადაზღვევო კომპანია პრაიმი
- არდი
- თიბისი დაზღვევა
- ნიუ ვიჟენ დაზღვევა
- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს). ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.
თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პრემიის 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს). ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.
დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
ერთწლიანი კულტურების დაზღვევისას, დაზღვევა დაფარავს მხოლოდ ერთ მოსავალს. თუ ფერმერს მოყავს მრავალწლიანი კულტურის ნერგები/ჯიშები, მაშინ ყველაზე გრძელვადიანი დაზღვევა იქნება არაუმეტეს სამი წელი. დაზღვევის მისაღებად ფერმერს მხოლოდ 4 დღით მოცდა მოუწევს.
პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლისის ვადა იქნება არანაკლებ ერთი თვე და არ გადაცდება მოსავლიანობის პერიოდს. დაზღვევა ამოქმედდება მომდევნო წლის მოსავლიანობისას, როგორც კი მიმდინარე წლის მოსავლის აღების დრო ამოიწურება.
მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ფერმერი საკუთარ სადაზღვევო თანხის პირველ შენატანს გადაიხდის. ამასთან, ფერმერმა მომავალი წლის მოსავლის სადაზღვევო თანხა უნდა გადაიხადოს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის (კონკრეტული კულტურის) მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დანართი # 6-ზიანის დარეგულირების სახელმძღვანელო
სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლის პირობები
დაზღვევის მოქმედების პერიოდში ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ მზღვეველის ვალდებულება ძალაში შედის:
ერთწლიან კულტურებთან მიმართებაში – თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და სავეგეტაციო პერიოდშია. მიწისზედა ორგანოები (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაშია და მოქმედებს მოსავლის აღებამდე;
სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში – სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა:
- მარცვლეული კულტურები
- პარკოსანი კულტურები
- ბოსტნეული კულტურები
- ბაღჩეული კულტურები
მრავალწლიან კულტურებთან მიმართებაში – თუ სადაზღვეო რისკი მომხდარია მას შემდეგ რაც:
ხილი – დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში, გარდა ბლისა, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ –ს დიამეტრში;
კენკროვანი კულტურები – მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრად გარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;
ვაზი – გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია);
კაკლოვანი კულტურები – დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ –ს დიამეტრში;
სუბტროპიკული კულტურები – დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში;
ციტრუსი – დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში.