საგრანტო პროგრამა ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად

საგრანტო პროგრამა ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად

თანდართული ფაილი: attachments_4843863.zip
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს საგრანტო პროგრამას ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად.

საბჭოთა ოკუპაციის გამოცდილებისა და 1990-2000-იან წლებში რუსეთის შემოჭრების ფონზე, საქართველო მუდმივი აგრესიის წინაშე დგას. ამდენად, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ბევრი ქართველისთვის ემოციურად მატრავმირებელი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ცხადად წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა გაფართოებულიყო ომის არეალი და მეტი მონაწილე ჩართულიყო, ხოლო მეორე მხრივ, თანაგანცდა იმ სიტუაციის სისასტიკისა, რომელშიც უკრაინელები იმყოფებოდნენ, ბევრისთვის ფსიქოლოგიურ გამოწვევად იქცა.

თავშესაფრის ძიებისას, გასაგები მიზეზების გამო (რუსეთის მხრიდან საფრთხე, სოციო-ეკონომიკური პრობლემები), უკრაინელებისთვის საქართველო პირველ დანიშნულების ადგილს არ წარმოადგენდა. თუმცა, ქვეყანა სულ უფრო მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს (მათ შორის ქალთა უფლებადამცველებს) იფარებს, ეხმარება ჰუმანიტარული, რეაბილიტაციისა თუ შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

უკრაინაში ომის საპასუხოდ, “ქალთა ფონდი საქართველოში” აგრძელებს მიზანმიმართულ საქმიანობას საქართველოში მყოფი უკრაინელი და ბელორუსი სამოქალაქო აქტივისტი ქალების მხარდასაჭერად, რომელთაც სასიცოცხლო საფრთხისა თუ ავტორიტარული რეჟიმის გამო, ქვეყნის დატოვება მოუწიათ. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია Urgent Action Fund.

პროგრამის თემატური მიმართულებები შეიძლება მოიცავდეს:

** უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების გამოკვლევას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით;
** ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებს;
** კოლექტიური ტრავმისგან გათავისუფლების სტრატეგიებს – დალხენის (healing) პრაქტიკა;
** ჰოლისტურ უსაფრთხოებას, მათ შორის, ციფრულ უსაფრთხოებას;
** სოციალიზაციის სივრცის შექმნას;
** მხარდამჭერთა ქსელების გაფართოებას, მათ შორის, სერვისების მიმწოდებლებთან, ფემინისტურ და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან;
** საცხოვრისთან დაკავშირებულ გამოწვევებს;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო რესურსებით აღჭურვას, დასაქმების, განათლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას (პროფესიული განათლება, სასწავლო კურსები);
** საქართველოში მოქმედ უკრაინელ და ბელორუს აქტივისტთა ჯგუფებში ფემინისტური ცნობიერების ამაღლებას;
** მეცნიერებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და ხელოვანებს შორის სექტორულ თანამშრომლობას ფემინიზმის, ომის საწინააღმდეგო მოძრაობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე;
** სხვა.

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს, რაც გულისხმობს შემდეგს:

** ინტერსექციური ფემინიზმის პრინციპების გათვალისწინება;
** უსაფრთხო სივრცის შექმნა ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისთვის;
** მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა/ხმების გაჟღერება;

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში რეგისტრირებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იმუშავებენ უკრაინელ და/ან ბელარუს ქალთა ჯგუფებთან.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები/ქვიარ ადამიანები;
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები/ქვიარ ადამიანები;
** პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირდება მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებზე (შშმ ქალები, ქვიარ ადამიანები, სოფლად მცხოვრები ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და სხვ.)

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 7000 აშშ დოლარს, პროექტების ხანგრძლივობაა 6-8 თვე.

ბიუჯეტის შევსების დროს, გთხოვთ, გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი, პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმაში 4. “სხვა ხარჯის” განყოფილებაში, სახელწოდებით “პროექტის ფინანსური აუდიტი”.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org.

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ნოემბერი.

დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2022 წლის დეკემბერში.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org.

გისურვებთ წარმატებას!