საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

პროგრამის შესახებ

ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული საწარმოების გაფართოების ან/და გადაიარეღების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო ანხორციელებს დაფინანსების პროგრამას.

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.

პროგრამის ამოცანა

ა) ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიზნობრივ რეგიონებში პროექტების დაფინანსების გზით;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.

პროგრამის პირობები
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 ლარს და არაუმეტეს 1 000 000 ლარს.
  • სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 26 თვის განმავლობაში.
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას.
  • ბენეფიციარი ვალდებული იქნება პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსების თანხის  ყოველ 40 000 ლარზე დამატებით დაასაქმოს  არანაკლებ 1 ადამიანი, რაც უნდა დასტურდებოდეს დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
  • სააგენტო მოახდენს ბენეფიციარის დაფინანსების თანხის განთავსებას სესხის გამცემ კომერციულ ბანკებში ამ მიზნისთვის გახსნილ სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება როგორც სესხის პროცენტის დაფინანსება დადგენილი გადახდის გრაფიკის და პროგრამის პირობების შესაბამისად, ასევე დაფინანსება სესხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, მას შემდეგ რაც ბენეფიციარი მოახდენს სესხი თანხის მიზნობრივად ხარჯვის და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დადასტურებას პროგრამის პირობების შესაბამისად.

 

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების მოდერნიზება ან/და გაფართოებას, რომელიც მოიცავს:

  1. ძირითადი საშუალებების დაფინანსებას, მათ შორის: მანქანა-დანადგარები, წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სპეციალიზებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების დაფინანსება;
  2. საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას – მხოლოდ ნედლეულის შეძენის, არაუმეტეს პროექტის ჯამური ღირებულების (სესხის თანხის) 20%-ის ოდენობით დაფინანსებას.

 პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი ბიზნეს მიმართულებები:

  1. სათამაშო ბიზნესი (აზარტული თამაშები);
  2. ვაჭრობა;
  3. საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);
  4. ექსტრემალური სპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება;
  5. სატრანსპორტო მომახურება;
  6. სამშენებლო (დეველოპერული) საქმიანობა;
  7. სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება;
  8. სამხედრო, ბირთვულ, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოება;
  9. საქველმოქმედო საქმიანობა;
  10. კვების ობიექტები;
  11. სასტუმრო (მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმრო);
  12. უძრავი ქონების შეძენა;
  13. წლის/აქციების/პაის შეძენა;
  14. რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://rda.gov.ge/projects/read/pilot_regions/52:parent