თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა დარეგისტრირონ თხილის ბაღები თხილის კადასტრში. რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ სამუშაო ჯგუფს დადგენილი გრაფიკის მიხედვით, შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულზე.
პროგრამის შესახებ
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
თხილის ბაღების კადასტრის წარმოების წესი
თხილის ბაღების კადასტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო.
თხილის ბაღების კადასტრში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი ან/და ბენეფიციარი.
ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო. შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით წინამდებარე პროცედურით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხა/ქულები არ იქნება გამოყენებული, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი თანხის/ქულების ანულირება.