საგრანტო კონკურსი: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა პოზიტიური ცვლილებისათვის

საგრანტო კონკურსი: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა პოზიტიური ცვლილებისათვის

წყარო: ევროპის ფონდი

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (სსო) და მედიას შორის პარტნიორობას. აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას.

ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემის საფუძვლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართვის ინტერესი და შესაძლებლობა ექნებათ და ამავდროულად, საგამოძიებო და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერისათვის მეტი პარტნიორის (მაგ. საინფორმაციო სააგენტოები, საგამოძიებო ნაწილები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ.) მობილიზებას შეძლებენ. თემები შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, პოლიტიკურ კორუფციას ან კორპორატიულ დანაშაულს.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 თებერვალი, 23:00 სთ.

დაინტერესებული პირებისათვის 2023 წლის 31 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია (ონლაინ). რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საკონკურსო განცხადების სრული ტექსტი.