საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის
წყარო: ევროპის ფონდი
“ევროპის ფონდი” აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ შშპ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ქვეყნის მასშტაბით (შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების გამოკლებით) ადგილობრივი შშმ თემისთვის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად ახლებური მიდგომების გამოყენებით. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ინიციატივებს, რომელიც მოიაზრებს შშმ ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობას და მათი სპეციფიკური პრობლემების მოგვარებას. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი ბენეფიციარების პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.
საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება ფარგლებში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უძღვება.
ევროპის ფონდის შესახებ:
ევროპის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. ფონდის პროგრამები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ისეთი შედეგების მიღწევაში ეხმარება, რომლებიც პასუხობს კონკრეტული თემის საჭიროებებს. ევროპის ფონდი თანამონაწილეობითი მიდგომით მუშაობს. ეს მიდგომა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, თავად გამოავლინონ თემისთვის მწვავე საკითხები და პრობლემის გადაჭრის ეფექტური გეგმა დასახონ. ამავდროულად, საზოგადოებაში ხელშესახებ ცვლილებაზე მოთხოვნის გასაჩენად, ფონდი თემებისა და ინტერესთა ჯგუფების მობილიზებას ახდენს იდენტიფიცირებული პრობლემის გარშემო. ფონდი ასევე თვლის, რომ რეალური და მდგრადი დემოკრატიული ცვლილებების დანერგვა შეუძლებელია კონკრეტული პრობლემური საკითხების გარშემო სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანების გარეშე. სწორედ ამ მიზეზით, ევროპის ფონდისთვის პრიორიტეტულია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის ისეთი პარტნიორობის განვითარება და ხელშეწყობა, რომელიც კონსენსუსის მიღწევას და მონაწილეობით მიდგომებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს უზრუნველყოფს.
საგრანტო კონკურსის მიზანი და ამოცანები:
საგრანტო კონკურსის მიზანია ქვეყნის მასშტაბით (გარდა შემდეგი ოთხი რეგიონისა: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი) განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა ადგილობრივი შშმ თემისთვის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად ახლებური მიდგომების გამოყენებით, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიურ მუშაობას.
კონკურსის ამოცანებია:
თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერით, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემების, მ.შ. შშმ ახალგაზრდებისა და ქალების სპეციფიკური პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
ახლად დაარსებული შშმ პირთა ორგანიზაციებისა და სსო-ების გაძლიერება საკუთარ ბენეფიციარებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 1 მარტის 17:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: DPO Small Grants Competition).
განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში.