სათემო გრანტები
“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს სათემო გრანტების კონკურსს გურიაში, რაჭაში, კახეთსა და იმერეთში არსებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. პროექტის პარტნიორები არიან: “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო”, “უხუცეს ქალთა საბჭო”, “ქალი და რეალობა”, “რაჭის სათემო ორგანიზაცია” და “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ქალთა და ქვიარ თემის იმ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, პრიორიტეტული თემები იქნება: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემსუბუქება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა, შშმ ქალთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მეწარმე ქალთა გაძლიერება, ომის გენდერული ასპექტები.
“ქალთა ფონდი საქართველოში” განაცხადებს მიიღებს სამიზნე რეგიონში მცხოვრები და მომუშავე ქალებისა და ქვიარ ადამიანებისგან. შემოთავაზებული აქტივობები შეიძლება იყოს შემდეგი:
** ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა, ტრენინგი და განათლება;
** კოალიციური და ქსელური მუშაობა სათემო ორგანიზაციებს შორის;
** სამიზნე ჯგუფების საჭიროებების, პრიორიტეტებისა და პოლიტიკის ანალიზი;
** რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი და ეროვნული მთავრობებისთვის;
** გადაწყვეტილების მიმღებებთან დიალოგის წარმართვა სამიზნე ჯგუფების პრიორიტეტებზე;
** ცნობიერების ამაღლება, (სოციალური) მედია კამპანიები და ღონისძიებები;
** პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;
** ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალი მეწარმეების გაძლიერებას;
** საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენა;
** სხვა;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** რეგისტრირებულ ან არაფორმალურ ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ გურიაში, რაჭაში, იმერეთსა და კახეთში;
** პრიორიტეტი მიენიჭება იმ აპლიკანტებს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების (იხილეთ ზემოთ) მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში;
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
** რომლებსაც ახორციელებენ ქალები/ქვიარ ადამიანები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები/ქვიარ ადამიანები
** პრიორიტეტი მიენიჭებათ ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირდებიან მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებზე (შშმ ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ქვიარ ადამიანები, სოფლად მცხოვრები ქალები და სხვ.)
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 8000 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 8-10 თვემდე. ჯამში შეირჩევა 15 ინიციატივა.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის “4. სხვა ხარჯი”-ის განყოფილებაში “პროექტის ფინანსური აუდიტი”-ს სახელწოდებით.
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ნოემბერი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის დეკემბერში.
კითხვები და საპროექტო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
წერილის თემაში მიუთითეთ პროგრამის სათაური “სათემო გრანტები”.